საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების სიაშია – Freedom House-ს ახალი ანგარიში | 11.04.2024

Freedom House ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველო სერბეთსა და უნგრეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების სიაშია შეყვანილი. ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავს ქვეყნებში ძირითადი ინსტიტუტები, როგორიცაა მედია და სასამართლო გასცდნენ პოლიტიზაციის იმ დონეს, რომელიც დამახასიათებელია კლასიკური ჰიბრიდული რეჟიმებისთვის და ახლა “ფაქტობრივად, მმართველი პარტიის ტყვეობაში იმყოფებიან, რომელიც მათ ბოროტად, პარტიული და პირადი სარგებლობისთვის იყენებენ.”

“ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ჰიბრიდული სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი და ნაკლები მასშტაბით საქართველო, ანგარიშის მეთოდოლოგიით ყალიბდებიან ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად. საკვანძო ინსტიტუციები, დაწყებული მედიითა და დამთავრებული სასამართლოთი, გასცდნენ ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური დეფინიციის პოლიტიზირების ფარგლებს და ამჟამად მმართველი პარტიის ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან და მათი გამოყენება მიკერძოებულად ან პერსონალური სარგებლისთვის ხდება.

ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ტურბულენტური წლის მიუხედავად, უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოს შეფასება უცვლელად რჩება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აირიდა მსგავსი საფრთხე მარტში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მასობრივმა მობილიზებამ და საერთაშორისო წნეხმა აიძულა ხელისუფლება, უკან გაეწვია ანტი-ენჯეო კანონმდებლობა. როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმების ქვეკატეგორიებს შესაძლოა უკან დაახევინო კონკრეტულ საკითხებზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის მარტში, საერთაშორისო ხმამაღალი განცხადებებისა და მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვია რუსული სტილის “უცხოური აგენტების” კანონი. ავტოკრატიზირებად ჰიბრიდულ რეჟიმებსა და ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარული რეჟიმების შორის განსხვავება მინიმალურია, თუმცა ნამდვილი ზღვარი გადის შეკრების თავისუფლების პატივისცემასა და იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას წინააღმდეგობის ჩასახშობად.

ავტოკრატიზებული ჰიბრიდები კვლავ რეაგირებენ საერთაშორისო ზეწოლაზე, ეს ევროკავშირმა ნათლად წარმოაჩინა ორბანის მხრიდან უკრაინის დაფინანსების საკითხის წინააღმდეგობის გაწევისას”, – წერია ანგარიშში.

Freedom House ასევე არ გამორიცხავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობასაც.