აუცილებლად იქნება სანქციები, თუ საქართველო მსგავს კანონს მიიღებს- საერთაშორისო შეფასებები | 10.04.2024

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ეველინ ფარკასი, არ გამორიცხავს, რომ აშშ–მა სანქციები დააწესოს, თუ საქართველო “აგენტების” შესახებ კანონს მიიღებს. “აქცენტთან” ინტერვიუში ფარკასი ვარაუდობს, რომ აშშ უკვე განიხილავს სანქციების საკითხს და ამ კანონის მიღება გადაწყვეტილებას მხოლოდ დააჩქარებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. მისი თქმით ოცნების ეს ინიციატივები საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის.

“შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების ხიფათს ქმნის. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, – ჯეიმს ო’ბრაიენი.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ქართველებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და არა – პუტინის რუსეთში.

“უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90% ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან”, – მაიკლ როთი.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ოცნების მიერ შემუშავებული პროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ორგანიზაცია ვალდებული იქნება შესაბამის ბაზაში დარეგისტრირდეს და ყოველწლიურად საფინანსო დეკლარაცია შეავსოს. ეს კანონპროექტი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა.