“ოცნება” ანტიკორუფციულ ბიუროს რეპრესიულ სტრუქტურად ჩამოაყალიბებას ცდილობს – ოპოზიცია | 04.03.2024

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო , რომელიც ამ უწყების უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიას ადგენს.

პროექტით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით მოხდეს.
იურიდიულ საკიტხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ბიუროს ხელმძღვანელი პირი ჩაიდენს ნარკოდანაშაულს და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევა, ამისთვის არ იქნება გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ერთ–ერთია ევროკავშირის რეკომენდაციებიდან. თუმცა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ოცნება ანტიკორუფციულ ბიუროს რეპრესიულ სტრუქტურად ჩამოაყალიბებას ცდილობს, რომელსაც შემდეგ ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენებენ. მათი შეფასებით, ოცნება თვალთმაქცობს თითქოს რეალურ ცვლილებეს ახორციელებენ, სინამდვილეში კი ევროკავშირის მოთხოვნის მიუხედავად, არ იცვლება მთავარი – ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესი. ვენეციის კომისიის მოწოდებაა რომ ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტმა მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩიოს.

საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ ოპოზიცია ამ საკითხით სპეკულირებს და ამტკიცებენ, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ხდება.

14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიამ 9 პირობის შესრულება დააკისრა.