დაანონსებული სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან და „ოცნების“ პოლიტიკით კმაყოფილი „რიანოვოსტი“ | 29.06.2023

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის გავლით საქართველოსთან და სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას აანონსებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი. ზახაროვას თქმით, დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად რუსული მხარე ყველა ღონეს ხმარობს.

ზახაროვას განცხადებამდე რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემამ „რიანოვოსტიმ“ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით „საქართველო ირჩევს რუსეთს და საკუთარ მომავალს“. სტატიის ავტორი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების გამო შორსმჭვრეტელს უწოდებს და ორქვეყანას შორის კულუარულ მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს.

“2022 წლის თებერვალში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” დაიწყო უკრაინაში, მაგრამ საქართველომ, მოსალოდნელზე მეტად, კატეგორიული უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი პოლიტიკური სკანდალი, რომლის დროსაც კიევმა თბილისი პირდაპირ დაადანაშაულა ღალატში.

მიუხედავად უძლიერესი რუსოფობიისა, რომელიც ჭარბობს მოსახლეობის ნაწილში, ქართველი პარლამენტარები ბევრად უფრო გამჭრიახები აღმოჩნდნენ. ან იქნებ ისინი უბრალოდ უკეთესები არიან მათემატიკაში.

პარლამენტმა ფაქტობრივად უგულებელყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ყველა რუსოფობიური თავდასხმა და ხელიც არ შეუშალა პირდაპირი ფრენების აღდგენას, რომელიც ვლადიმერ პუტინის პირადი ინიციატივით დაიწყო.

როგორც ჩანს, საჯარო პროცესების გარდა პარალელურ რეჟიმში სიტუაცია ვითარდებოდა კულისებშიც, სულ რაღაც ერთი თვის წინ განვიხილავდით მნიშვნელოვან პროექტს რაშტ-ასტარას სარკინიგზო ხაზის დასაკავშირებლად, რომელიც რეალურად ქმნის პირდაპირ სატრანსპორტო დერეფანს რუსეთიდან ირანის გავლით ინდოეთის პორტ მუმბაიმდე.

ვახსენეთ ქართული მიმართულების პოტენციალი, რასაც მაშინ მრავალწერტილი დავუსვით. ივნისის ბოლომ კი აჩვენა, რომ ჩვენი დიპლომატები და ენერგეტიკოსები ტყუილად არ ჭამენ პურს და, თუ ვიმსჯელებთ ენერგიის იმპორტის ცვლილებების დინამიკით, შეიძლება ველოდოთ სხვა სახელმწიფოთაშორისი პროექტების გალღობასაც. კრიტიკული არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უაღრესად მომგებიანი საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის.

მოსკოვისა და თბილისის საკმაოდ ბუნდოვანი ურთიერთობების გათვალისწინებით, მით უფრო სასიამოვნოა დაკვირვება: მეგობრობას თუ არა ჯანსაღ პრაგმატიზმს ბევრად მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე თვითმკვლელობის ტოლფას ხტუნაობას სანქციების ორმოში და სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას,” – „რიანოვოსტის“ სტატია საქართველოზე.

აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი წარსულში არაერთხელ წამოჭრილა, თუმცა ეს თემა ყოველთვის იწვევდა პროტესტს საქართველოში. გარდა იმისა, რომ პროექტი ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის ნაკლებად მომგებიანი იქნებოდა და ყველაზე მეტად ტრანზიტით რუსეთი და აფხაზეთის სპერატისტული ხელისუფლება  იყვნენ დაინტერესებული,  ყოველთვის ნათელი იყო, რომ ამ საკითხის ეკონომიკურ ასპექტზე მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარე იყო. ამ საკითხის დეოკუპაციის კონტექსტის გარეშე წამოჭრა ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ყოველთვის ანტისახელმწიფოებრივად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებზე დარტყმად მიაჩნდათ,  რკინიგზის გახსნა კი საქართველოს მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციის აღიარებად. აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის მცდელობა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციის დაკანონებად ფასდებოდა.

ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილმა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, სომხეთში ვიზიტისას ისაუბრა. მას კითხვა სომეხმა ჟურნალისტმა დაუსვა. მაშინ ივანიშვილმაც თქვა, რომ ეს საკითხი მარტივი არ არის.