ქართველმა ხალხმა უნდა გამათავისუფლოს, ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან – სააკაშვილი | 19.01.2024

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი მოუწოდებს ქართველ ხალხს გაითავისუფლოს თავი ოლიგარქიული მმართველობისგან და შემდეგ, იზრუნონ მის თავისუფლებაზეც. მესამე პრეზიდენტის თქმით, ის პუტინის პირადი პატიმარია, თუმცა ტყვეობის მიუხედავად მაინც ბოლომდე იბრძოლებს საქართველოსა და უკრაინის სრული გამარჯვებისთვის.

“ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ იცის მთელმა მსოფლიომ. გამასამართლეს და მასამართლებენ თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, გამოგონილი ბრალდებებით. მე კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. მასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავიტანე, ქვეყანა კრიმინალისა და სიღარიბის ჭაობიდან გამოვიყვანე, გავანათე და სახელმწიფო ჩამოვაყალიბე. მასამართლებენ იმისთვის, რომ 2008 წელს არ გავიქეცი და სახელმწიფო შევინარჩუნე. ახლა ყოველდღე მტანჯავენ იმისთვის, რომ უზომოდ მიყვარს ჩვენი ხალხი და მინდა მას დავეხმარო. პუტინმა დამაპატიმრა იმისთვის, რომ არამხოლოდ საქართველო არ ჩავაბარე, არამედ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, მისთვის ასეთ სასურველი ოდესის ოლქი კლანჭებიდან გამოვგლიჯე. დამაპატიმრა იმისთვის, რომ წარმატების მაგალითები შევქმენი საქართველოსა და უკრაინაში. დამაპატიმრა იმისთვის, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური ლიდერი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი ზელენსკის თანამებრძოლი. ქართველმა ხალხმა უნდა გაითავისუფლოს თავი და უნდა გამათავისუფლოს მეც. ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან, რათა შევძლო უფრო ეფექტურად დახმარება, მაგრამ რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველოს და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე!” – მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

18 იანვარს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა კლინიკა „ვივა მედის” დაცული პალატების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლინიკა პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან „საბოლოო სიტყვა არა ექიმებზე, არამედ პენიტენციურ სისტემაზეა”. დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები. კომიტეტის შეფასებით, კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.