თბილისის ბიუჯეტი 182 მილიონი ლარით მცირდება. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 840 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა როგორც თბილისის მერი ამბობს, ეს არის პროექტის პირველადი ვერსია და ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით ტრანსფერს ელოდებიან, რითიც ბიუჯეტის საბოლოო მოცულობა გაცილებით მეტი იქნება. კახა კალაძე ამბობს, რომ ზუსტი ციფრი თუ რამდენი იქნება 2021 წლის ბიუჯეტი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი საკრებულომ გუშინ განიხილა და რეკომენდაციებით მერიას უკან დაუბრუნა. შესწორებული დოკუმენტი მერიამ საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა გადაუგზავნოს. საბოლოოდ კი ბიუჯეტი 20 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.