მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ლევან ზურაბაშვილის უფლებადამცველი ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა არ იდგა, შესაბამისად გადაწყვეტილება უსამართლოა. დანაშაული, რომლის ჩადენასაც 31 წლის მამაკაცს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბალისტიკური კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ლევან ზურაბაშვილი შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით არ ყოფილა, შესაბამისად მას ეს მუხლი მოეხსნა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება.