ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე – ასე პასუხობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, კითხვას კარტოგრაფების საქმის შესახებ. ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ეკლესიის ინტერესებში სიწმინდეების საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრაა და სხვა ინტერესი ამ საკითხის მიმართ საპატრიარქოს არ აქვს.
საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით ორი პირია დაკავებულია. პროკურატურის ინფორმაციით საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შემსწავლელი კომიიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და მელაშვილი საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც დატანილი საზღვრის ხაზები, არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს. დაკავებულები ბრალს არ ეთანხმებიან. მათი ადვოკატები კი გახმაურებულ საქმეზე მოქმედი პრეზიდენტის გამოკითხვას ითხოვენ. უფლებათადამცველები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვლს სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობაზე ბევრი ინფორმაცია აქვს, რადგან ის 2004-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ადვოკატებისთვის საინტერესოა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩვენებაც.