ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. მაიკ პომპეო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა და საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს. სახელმწიფო მდივანმა ქვეყანა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სოცილურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი რუსეთის ოკუპაციის პირობებში ურყევია.
საქართველოდან გამგზავრებამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტარციაში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მტავარი თემა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხი იყო. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და გლობალურ პანდემიაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც.
მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრაზე რუსულ ოკუპაციასთან ერთად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პომპეოს მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა, ვინაიდან ეს არის შიდა პოლიტიკური პროცესი.
გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე მაიკ პომპეო ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან აუდიენცია გამარტა. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით სახემწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას.
ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში სახემწიფო მდივანი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც შეხვდა. მაიკ პომპეომ და ილია მეორემ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.
საპატრიარქოდან მაიკ პომპეომ სასტუმრო შერატონში გადაინაცვლა, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლებს შეხვდა. თბილისში დაგეგმილი ბოლო შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება იყო. არასამთავრობოებმა მაიკ პომპეოს ის კონკრეტული საქმეებიც გააცნეს, სადაც მათი თქმით პოლიტიკური და კორუფციული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, მაიკ პომპეომ სასამართლოში არსებულ კლანთან დაკავშირებით კითხვაც დასვა, რაც მიუთითებს იმაზე რომ სახელმწიფო მდივანი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კარგად არის ინფორმირებული.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.