“ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა განიხილოს საჩივრები, ხელახლა დაითვალოს ხმები და განმეორებით დანიშნოს არჩევნები სადაც საჭიროა” – ეს განცხადება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა ამერიკის ხმის ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. გილამის თქმით საჭიროა გამოძიებული იყოს ძალადობისა და დაშინების შესახებ გავრცელებული ცნობები და დამრღვევი პირები კანონის სრული სიმკაცრით უნდა გასამართლდნენ. NDI-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ალან გილამი ასევე თვლის, რომ 21 ნოემბერს მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნების მიმართ საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს.