ელექტრო სამაჯურთან საკუთარი ნებით დამშვიდობების შემდეგ, პროკურატურამ ნიკა მელიას სამართლებრივად უპასუხა. საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 70 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მელიას დღეს პასპორტიც დაუბრუნეს, თუმცა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყებებთან შეთანხმების გარეშე ისევ აკრძალული აქვს. პროცესს თავად ნიკა მელია არ დასწრებია. სასამართლოს გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი პარტიის ოფისში ელოდებოდა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია, რადგან მათ თავად აღიარეს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები უკანონო იყო.
ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციური სპექტრი. ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, პოლიტიკური ველიდან განეიტრალებას ცდილობს. ოპოზიციაში არც მძიმე სცენარს გამორიცხავენ და პოლიტიკური ლიდერების დაკავებას აანონსებენ.
ნიკა მელიას მიმართ რაიმე ტიპის დევნაზე საუბარი სპეკულაციაა მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ვინც კანონს არ ემორჩილება, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა. პროტესტის ნიშნად, პირველ ნოემბერს ნიკა მელიამ ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური აქციაზე მოიხსნა და ხალხში გადააგდო.