სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური შურისძიება – ბოლო თვეების ყველაზე გახმაურებულ საქმეზე პოლიტიკურ წრეებში მსჯელობა გრძელდება. ოპოზიციაში თვლიან, რომ დავით გარეჯის საქმით “ქართული ოცნების” ხელსუფლება თითის მიხეილ სააკაშვილისკენ გაშვერას ცდილობს, რისი მიზანიც მისი დისკრედიტაცია და მმართველობაში კიდევ 4 წლით დარჩენაა. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, წინა ხელისუფლების მიმართ ივანიშვილის პირად შურისძიებას მეზობელ ქვეყანასთან არსებული მეგობრული ურთიერთობაც ეწირება, ეს კი საგანგაშო სიგნალია.
დავით გარეჯის საქმეზე რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ამას ღიად ამბობენ ადვოკატებიც. ივერი მელაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია, მელაშვილის სააწინააღმდეგოდ კი არანაირი რეალური მტკიცებულება არ არსებობს.
ოპოზიციის მხრიდან ბოლო დღეებში გამოთქმულ ბრალდებებს კვლავ უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში. პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ინდულგენცია არავის არ აქვს, ამიტომ თუ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართელბრივი დევნა დაიწყო, მას პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. გახარია აღნიშნავს, რომ სიმართლის გასაგებად აუცილებელია საზოგადოება გამოძიების საბოლოო შედეგებს დაელოდოს.