კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი. გასულ დღე-ღამეში COVID-19 ქვეყანაში 680 ადამიანს დაუდგინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 521-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ოთხი ბათუმის რესპუბლიკურ საავამდყოფოში მკურნალობდა. ასაკი 66-დან 87 წლამდე იყო და კოვიდ ინფექციამ მათი თანმხლები დაავადებები დაამძიმა. 3 პაცინეტი დაიღუპა თბილისში, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2 – კი ტრავმატოლოგიურში მკურნალობდა.
ეპიდსიტუაცია რთულდება დედაქალაქში. თბილისში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 297 ადამიანი დაინფიცირდა. სპეციალისტები ინფიცირებულთა ზრდის მიზეზად მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაუცველობას ასახელებენ. ამბობენ, რომ კორონავირუსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება პირბადის ტარებაა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის მეორე ტალღა დაიწყო, თუმცა იმ უპირატესობით, რომ ინფიცირებულებში ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ COVID-19 კიდევ უფრო დიდი მკვლელი იქნება, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი.
ეპიდემიის აფეთქების ცენტრმა აჭარიდან შესაძლოა თბილისში გადმოინაცვლოს, თუმცა მთავრობა მასშტაბური ღონისძიებების დაწესებას აღარ აპირებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლა ლოკალური შეზღუდვებით გრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება ისეთი რეგულაციები, რომელიც ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას უზრუნველყოფს. მიუხედავად კოვიდ ინფექციის მასშტაბური გავრცელებისა, მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას საწოლების დეფიციტი არ ექნება.
ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა აჭარამ, სადაც გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 189 ადამიანს დაუდგინდა. მესამე ადგილზე კვლავ იმერეთია, სადაც ბოლო 24 საათში COVID-19-ით 150 პაციენტი დაინფიცირდა. 91 ადამიანს აღამოჩნდა კოვიდინფექცია სამეგრელოში, უმეტესობა ფოთის ტექსტილის თანამშრომლები არიან. ახალი შემტხვევები დაფიქსირდა შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთშიც.
COVID-19-ის შემთხვევები მატულობს ოკუპირებულ რეგიონებშიც. კორონავირუსი დუდასტურდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 87 ადამიანს დაუდგინდა ოკუპირებულ აფხაზეთში. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 147 პაციენტი მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა.
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს მსოფლიოშიც. ვირუსის შემთხვევების მზარდი მაჩვენებლის გამო ჩეხეთში ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა. იხურება სკოლები, ბარები და კლუბები, ასევე იზღუდება რესტორნების მუშაობა. კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჩეხეთში ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებლის გამოვლენის შემდეგ შეზღუდვები გამკაცრდა ნიდერლანდებშიც. ქვეყანაში 14 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადით ნაწილობრივი კარანტინი წესდება. იხურება ბარები და რესტორნები. იკრძალება 30 ადამიანზე მეტის შეკრება. საყოველთაო კარანტინი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაახანგრძლივა ისრაელის მთავრობამ. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 38 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან მილიონ 91 000-ზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 29 მილიონამდე პაციენტმა ინფექცია დაამარცხა.