ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მსჯავრდებულ სასულიერო პირს ხვალ გამოკვლევების ჩასატარებლად პენიტენციური დაწესებულებიდან ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ. ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და სასულიერო პირის მკურნალობა მხოლოდ კვალიფიციურ კლინიკაშია შესაძლებელი.
სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, თორნიკე მამამალაძეს საპატრიარქოს დახმარების იმედი აღარ აქვს. ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ გიორგი მამალაძეს ციხიდან გათავისუფლებას ხელს, სწორედ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უშლიან. მსჯავრდებულის ძმა ითხოვს, რომ მამალაძემ დარჩენილი სასჯელი სამედიცინო დაწესებულებაში მოიხადოს.
თორნიკე მამალაძის ბრალდებები მიუღებელია სინოდის წევრებისთვის. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, იმის თქმა, რომ დეკანოზის კლინიკაში გადაყვანას ხელს საპატრიარქო უშლიდა არასწორია.
პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საგამოძებო უწყების ინფორმაციით, სასულიერო პირი თეთრუაშვილის მკვლელობას შურისძიების მოტივით, ციანიდის დახმარებით გეგმავდა. სასულიერო პირს, 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.