საქართველოს კუთვნილი 3500-მდე ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე. აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრების დადგენის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
პროკურატურის მტკიცებით ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სამთავრობო კომისიის წევრებს ინფორმაცია დაუმალეს. საუბარია 1938 წლის რუკაზე, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, გამომძიებლებმა ნატალია ილიჩოვას კაბინეტში აღმოაჩინეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მელაშვილსა და ილიჩოვას საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, ევალებოდათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების ჩატარება, შესაბამისი რუკების მოძიება, მათი ანალიზი და საზღვრის ამსახველი რუკის შედგენა, თუმცა, როგორც პროკურატურა ამბობს, მელაშვილმა და ილიჩოვამ ეს არ გააკეთეს და პროცესში არც სხვა კარტოგრაფები ჩართეს.
საქმეზე პროკურატურამ ვიდეოფაილი გამოაქყვენა, რომელშიც კომპიუტერული გრაფიკით, საზღვრის ის მონაკვეთებია ასახული, რომებსაც ბრალდებულთა ქმედებების შედეგად საფრთხე შეექმნათ.
გამოიკვეთება, თუ არა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ექსპრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და შესაძლოა საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
პროკურატურამ გამოძიება ერთი თვის წინ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებამ წლების შემდეგ უნდა დაადგინოს, თუ ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება რუკების შედგენის დროს ქვეყნის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში.