დავით-გარეჯის კომისიის ყოფილი წევრის, ივერ მელაშვილის ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა. სამართალდამცველები იმყოფებოდნენ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, მელაშვილის სამუშაო კაბინეტში. მელაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კარტოგრაფიული მასალები ამოიღეს. ჩხრეკა ჩატარდა დღეს დავით გარეჯის კომისიის ყოფილი წევრის ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლშიც. საგამოძიებო მოქმედებები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელსუფლების დროს, საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ, აზერბაიჯანთან საზღვარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეათანხმა. გამოძიებამ წლების შემდეგ უნდა დაადგინოს, თუ ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება რუკების შედგენის დროს ქვეყნის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში.