ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია რუსეთის ფედერაციას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს – ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია პლატფორმა “X”-ზე წერს, რომ ქართველი ხალხი საკუთარ ქვეყანაში “დემოკრატიის ეროზიას” აწყდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც დასავლელი პარტნიორები “ქართული ოცნების” რეპრესიულ პოლიტიკაზე და მოახლოებულ არჩვნებში რუსეთის როლზე საუბრობენ. ქვეყნის პარტნიორები ღიად ამბობენ, რომ“ქართული ოცნების” პირობებში ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა. მთავარ დაპრკოლებად პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, მათ შორის რუსული კანონის მიღებას და ამოქმედებას ასახელებენ.
“ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აწყდებიან რუსეთის ჩარევას და დემოკრატიის ეროზიას საკუთარ ქვეყანაში”, – ჰელსინკის კომისია.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი. ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ვარჰეიმ თქვა,რომ ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში. თუმცა , ევროკომისარმა იქვე დასძინა,რომ საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება.
“გასული თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და ვამაყობ კომისიის წარმატებებით გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ მივიღეთ ოთხი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობისთვის. ეს ქვეყნებია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს. კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა აჩვენონ სრული ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ. პარალელურად, ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაფართოების პოლიტიკა დარჩეს სანდო, პროგნოზირებადი, დინამიკური. ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში”, – ოლივერ ვარჰეი.
,,ქართულინ ოცნების’’ ანტიდასავლურ განცხადებებს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი გამოეხმაურა. დანიგანის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. ელჩმა ის პროექტებიც დაასახელა, რომელიც საქართველოში ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება.
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონზე. იმის შესახებ, თუ რას ემსახურება უცხოური დახმარება. და ეს ოთხი მაგალითი არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა. ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითი ფაქტორია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და არ არის უარყოფითი”, – დანიგანი.