საქართველოს პრეზიდენტი ივანიშვილის ხელისუფლებას რუსეთთან კავშირებში კიდევ ერთხელ ამხელს. სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საფრთხეებსა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, ამჯერად, „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტი ამბობს, რომ რეპრესიული კანონის მიღება სიმპტომია იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში პუტინის რეჟიმის მოდელირებული მმართველობის დამყარება სურს.
“საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ტყუილად არ შეერქვა „რუსული კანონი“: სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს.
საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა, ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა”, – პრეზიდენტის ინტერვიუ Le Figaro-სთან.
ფრანგულ მედიასთან სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ ელექტორალური შესაძლებლობებიც შეაფასა და თქვა, რომ ივანიშვილის პარტიის რეიტინგი ახლა 25%-ია. პრეზიდენტი ოპოზიციის როლზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ პროდასავლურ ფლაგს ოქტომბრის რეფერენდუმზე 50-60%-ის მოპოვების რესურსი აქვს.
“რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50% ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან.
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში თქვა ისიც, რომ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა მეორე ვადით პრეზიდენტობაზე. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებას და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს „ქართული ქარტიის“ შესრულებაზე”, – პრეზიდენტის ინტერვიუ Le Figaro-სთან.