„ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა! – სალომე ზურაბიშვილი | 03.09.2024

პრეზიდენტი: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა!
ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახლა საქართველოსთვის ეგზისტენციალური მომენტია.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლო პერიოდში გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როგორიც 26 ოქტომბერს გვექნება. საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა. ტრაგედიაა, როცა ზოგი ჩვენს მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებს და არაფერს ამბობს მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს”, – სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეაფასა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებები. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ქართველ ხალხს ომი გაუცხადა. პრეზიდენტი პრორუსული ხელისუფლების შეცვლის გზად არჩევნებს ხედავს და ამბობს, რომ არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს.

პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს „ქართული ქარტიის“ შესახებაც ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტში გაწერილი პუნქტების შესრულებით საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიხსნება. თავად კი ამ ქარტიის ელჩი იქნება ყველგან, ევროპასა და ამერიკაში.