რუსული კანონის განხილვის მეორე დღე საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო – მოსამართლე მერაბ ტურავამ ეკა ბესელია დებოშის მოწყობაში დაადანაშაულა. სხოდომათა დრაბაზში ჩხუბი იუსტიციის მინისტრის მოადგილეების განცხადებებს მოჰყვა. მოწმის სახით სხდომაზე მისული მაღალჩინოსნები ტრიბუნასთან სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად, რუსული კანონის სიკეთეებზე საუბრობდნენ. საჯარო მოხელეების განცხადებები პრეზიდენტის წარმომადგენელმა გააპროტესტა. მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს სხდომის გადადებით დაემუქრა ხოლო, რატი ბრეგაძის მოადგილე პროფესიონალიზმისთვის შეაქო.
მოსამართლეთა კოლეგიამ რუსული კანონის განხილვის მეორე დღე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელების გამოკითხვით დაიწყო. როგორც მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, სასამართლოს იუსტიციის სამინისტროსთან აქვს კითხვები პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კანონიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს ეხება.
საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მოსამართლეთა პლენუმის წინაშე ამტკიცებდა, რომ რუსული კანონის ფარგლებში, საჯარო რეესტრი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების აღრიცხვასა და გამოქვეყენბას არ მოითხოვს. რატი ბრეგაძის უწყების წარმომადგენელის თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ, პერსონალური მონაცემები, მხოლოდ, კანონით დაშვებული ფორმით დამუშავდება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი პროცესზე ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი მასტიგმატიზირებელი არ არის.ის შეეცადა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონის ,,სიკეთეებზე’’ ესაუბრა, მისი თქმით კანონი საზოგადოებას მისცემს საშუალებას, დაადგინოს, თუ რამდენი პროცენტით ფინანსდება ორგანიზაცია და თითოეული სუბიექტის დაფინანსება საჯარო გახადოს.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი ამტკიცებს, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს ამ დროისთვის, 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის , თეიმურაზ ტუღუშის კითხვაზე სულ რამდენი არასამეწარმეო იურიდიული პირი მოქმედებს საქართველოში? ტყეშელაშვილმა უპასუხა, რომ დაახლოებით 30 000-მდე. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ამ დროისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დარეგისტრირების მიზნით, განცხადება ორგანიზაციათა 1%-ზე ნაკლებმა წარადგინა.
კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ, 29 აგვისტოს დაწიყო. მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას, საკითხის განხილვის დასრულებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოში შესული სარჩელები ერთ საქმედაა გაერთიანებული.