ჰელსინკის კომისიის განცხადების შემდეგ რომელიც მმართველი გუნდის სავარაუდო დანაშაულებრივ სქემას ამხელს და ივანიშვილის პარტიას ქოლცენტრების შავი ფულის გამოყენებაში ადანაშაულებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსრბი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიება დაიწყება.
ჰელსინკის კომისიამ ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა სადაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა მკაცრი ზომები მიიღოს იმ ქოლცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ასპონსორებენ.
„ქართული ოცნების“ მიერ თაღლითური ქოლცენტრების გამოყენება ნახსენები იყო ჰელსინკის კომისიის წევრი ამერიკელი კონგრესმენების წერილშიც, რომლითაც მათ 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართეს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.
ჰელსინკის კომისია, ანუ აშშ-ის “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია” არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში.