სენატორ შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის ერთობლივი განცხადებას საქართველოდან დაბრუნების შემდეგ | 13.08.2024

საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და შეერთებული შტატები შეთავაზებებს ელოდება.

ამერიკელი კონგრესმენის მაიკლ ტერნერის თქმით აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში.

ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. აშშ-ის საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია. სენატორმა და კონგრესმენმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ისინი ასევე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, თავადაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. სენატორს და კონგრესმენს შეხვედრა სურდათ “ქართული ოცნების’’ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანისვილთან თუმცა უარი მიიღეს.