ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერზე, ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად გმობენ. მათი თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ საერთო ძალისხმევით ხელისუფლება შეიცვლება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. თავად კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერები განხორციელებულ თავდასხმას ხელისუფლების მხირდან ძალაუფლების დაკარგვის შიშს უკავშირებს. მათი თქმით, ძალადობა ყველა მილევადი რეჟიმის ხელწერაა, თუმცა ეს პრაქტიკა 26 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება“ აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება. ოპოზიციონერები ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ ოპოზიციაში ერთიანი სტრატეგიის აუცილებლობაზე საუბრობენ, მათი თქმით, მოახლოებული არჩევნები “ოცნების” მხრიდან ძალადობრივი იქნება, თუმცა ამას ერთიანი ძალებით შეწინააღმდეგება სჭირდება.
გუშინ, სამტრედიაში რაიონული ოფისის გახსნის შემდეგ სატელევიზიო კომენტარის მიცემის დროს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. კადრში ჩანს, რომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს მასთან ახალგაზრდა კაცი მიდის, რომელიც სახის არეში არტყამს მუშტს და აგინებს. თავდამსხმელის იდენტიფიცირება კოალიციამ მოახერხა. მათი ინფორმაციით, საბა ნიკოლეიშვილი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირია.
ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო.