ხელჩართული ჩხუბი და მწვავე დაპირისპირება ბოლნისში – არჩევნებამდე 33 დღით ადრე პოლიტიკური ოპონენეტები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. რეგიონში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ნახიდურის ერთ-ერთ “ჩაიხანაში” მმართველი პარტიისა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის უთანხმოება მოხდა, რაც მოგვიანებით უკვე გარეთ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან გაგრძელდა. რამდენიმე წუთიანი დაპირისპირების შედეგად 10 პირი დაშავდა, “ქართული ოცნების” ერთი მხარდამჭერი კი თავის ქალის მსუბუქი ტრამვით საავადმყოფოში მოათავსეს.
ბოლნისში გუშინ მომხდარ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” აქტივისტები მათ მომხრეებს “ჩაიხანაში” ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც მათმა რამდენიმე მომხრემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციაზე თავდასხმაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა უშუალოდ იყო ჩართული.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისგან განსხვავებით მომხდარის სულ სხვა ვერსიაზე საუბრობენ “ქართულ ოცნებაში”. მმართველი გუნდის ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი მომხდარის ორგანიზებაში მის კონკურენტ ოქრიაშვილს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ოპოზიციის აქტივისტებმა ქვებითა და ხელკეტებით მათი მომხრეები დაარბიეს.
გუშინ ბოლნისი არ ყოფილა დაპირისპირების ერთადერთი ცხელი კერა, სადაც ოპონენტებს ქვებით გაუსწორდნენ. ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს “ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს – ნიკა მელიას საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ესროლეს, თუმცა მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. მელია ამბობს, რომ ფატალურ შედეგს მოსახლეობა სასწაულებრივად გადაურჩა, რადგან ინციდენტის დროს ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მელია პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.
დაიწყო თუ არა ყველაზე რთული პოლიტიკური შემოდგომა და ბრძოლის რა ტაქტიკას ირჩევს ხელისუფლება – “ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებულები არიან, რომ ქვების სროლით ივანიშვილის გუნდი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს, თუმცა მათი თქმით, ამ ბრძოლაში ისინი 31 ოქტომბერს მაინც დამარცხდებიან.
ოპოზიცია მმართველი ძალის მხრიდან დაშინებისა და შანტაჟის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობს, თუმცა ისინი გამოძიების ეფექტურობას ამ დრომდე ვერ ხედავენ. ოპოზიციურ სპექტრში დარწმუნებულები არიან, რომ გადაწმყვეტი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამგვარი ფაქტების რიცხვი მოიმატებს, რაც ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულის მანიშნებელი იქნება.
ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ პარტიაში და სააკაშვილის პარტიას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. “ქართული ოცნების” წევრებს მიაჩნიათ, რომ თუ გარკვეული პირები ოპოზიციას საარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიან, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
პოლიტიკური ძალების შეფასებით, არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა კიდევ უფრო მოიმატებს. ამ პროგნოზების ფონზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს ხასზგასმით ურჩევს, ქცევის კოდექსით ნაკისრი ვალდებულებები დაიცვან.