მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ივანიშვილის ხელისუფლებას დახმარებას უჩერებს. საუბარია 95 მილიონ დოლარზე, რომლითაც სამთავრობო პროექტები უნდა დაფინანსებულიყო.
შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარიანი პირდაპირი დახმარების გაყინვის შემდეგ – ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ “არ აქვს ინფორმაცია”, თუ კონკრეტულად რომელი დახმარება შეაჩერა სტრატეგიულმა პარტნიორმა და აცხადებს, რომ “მეტი განმარტებაა საჭირო”. ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა “ისეთივე აქტუალურია, როგორც ყოველთვის იყო”.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.