აშშ–ს წარმომადგენლობითი პალატის წევრები საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან. ჰელსინკის კომისიის ლიდერების ორპარტიულმა შემადგენლობამ ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა სანქციები დაუწესოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც კრიტიკოსები საქართველოს ევროპისგან დაშორებაში და ავტორიტარული მმართველობის გაღრმავებაში ადანაშაულებენ. ბლინკენისადმი 26 ივლისით დათარიღებული წერილის მთავარი ხელმომწერები არიან კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი, დემოკრატი ტენესის შტატიდან სტივ კოენი, ასევე კომისიონერები რიჩარდ ჰადსონი და რესპუბლიკელი ჩრდილოეთ კაროლინიდან,დემოკრატი მარკ ვეისი ტეხასდან.
“ჩვენ გწერთ ამ წერილს, რათა მოგიწოდოთ მეტი სასწრაფო და გადამწყვეტი ქმედებებისკენ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ. თუმცა, ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო მეტის გაკეთება საქართველოს მოსახლეობის დასაცავად”, – ჰელსინკის კომისია.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილში დამოუკიდებელი კომისიის წევრებმა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიდან, მოუწოდეს მას ფინანსური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, რათა “აღმოფხვრან საქართველოში კორუფციის მთავარი კვანძები და დამღუპველი გავლვენა ქვეყანაში.“
“დროა დავიწყოთ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი წყაროების მიმართ საქართველოში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და მის ახლო გარემოცვის მიმართ. ცხადი უნდა გახდეს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ ინადირებენ თავისუფლად ქართველ ხალხზე და ვერ მიაყენებენ ზიანს მის დემოკრატიას”, – ჰელსინკის კომისია.
დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენების ერთობლივ წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი “ქართულ ოცნებას” ზურგს უმაგრებს. კანონმდებლებმა მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას, გაანადგუროს “თაღლითური” ქოლ-ცენტრები მთელს მსოფლიოში, რომლებიც, მათი თქმით, არის “ბნელი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს ქართული ოცნების ფართო და მავნე მფარველობის სისტემას…”
“ჩვენთვის ცნობილია, რომ შავი ფულის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც „ქართული ოცნების“ უწესრიგო და მავნე მფარველობის სისტემას მხარს უჭერს, მოდის თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან, რომლებიც მთელ მსოფლიოში, ზოგიერთი მათგანი კი მეგობარ სახელმწიფოებში მდებარეობს – რომლებიც ძირითადად თაღლითური და უკანონო საქმიანობის საფუძველზე მოქმედებენ. აღნიშნული ქოლ-ცენტრები, როგორც ჩანს, საქართველოში კორუმპირებულ აგენტებსა და რუსეთში მათ სხვა კლეპტოკრატ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის კერებს წარმოადგენენ და სავარაუდოა, რომ იგივე ქოლ-ცენტრები სხვადასხვაგვარად იქნა მობილიზებული საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციისა და მათი ოჯახების შევიწროებისა და დაშინების მიზნით. ამიტომ, გვჯერა, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ზომები ამ ქოლ-ცენტრების ქსელების წინააღმდეგ და სხვა მსგავს საერთაშორისო ძალისხმევას მიმართოს მათი ოპერაციების განადგურების ან ჩაშლის მიზნით”, – ჰელსინკის კომისია.
ორპარტიული წერილი იმ ფონზე გამოჩნდა, როცა კონგრესში კანონპროექტის “მეგობარი აქტის’’ განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, უსაფრთხოებას და არღვევენ ადამიანის უფლებებს.