ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვები გრძელდება. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოსაკითხად კიდევ ერთი პირი, მაგომედ იჟიევი მივიდა. კითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებთან რაიმე ტიპის, მათ შორის მეგობრული კავშირი, იჟიევმა არ უპასუხა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიებას ჩვენება უკვე ათამდე პირმა მისცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულების ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც სუს-ი ახადებს, საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს. ამ საქმესთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს იბარებს, მათ შორის არიან: ნადიმ ხმალაძე, გელა კახაბრიშვილი, ლაშა ჭიღლაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა რუხაია, კონსტანტინე ჯღამაია. ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე იწყებს გამოძიებას. თუმცა არცერთი საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის.