პროტესტის ფონზე “აპარტამენტების კანონი” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიეს | 25.07.2024

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიეს სადავო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობას და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. გამოცემა “ეხო კავკაზას’’ ცნობით აპარტამენტების კანონპროექტი თავად ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. წარმოებიდან პროექტის მოხსნის დოკუმენტს ხელი დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ მოაწერა. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება „დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“ იქნა მიღებული.

ე.წ. კანონპროექტმა ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია – სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, მისი მხარდამჭერები ინიციატივას ეკონომიკური განვითარების საჭიროებით ამართლებდნენ, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევდნენ, რომ ეს რეგიონის დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და სოციალურ უსაფრთხოებას კატასტროფულ საფრთხეს შეუქმნიდა.

ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღების მოწინააღმდეგე ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ კანონპროექტის გაწვევა დროებითი გადაწყვეტილებაა, ამიტომ დაუყოვნებლივ მოითხოვენ გარანტიებს და მორატორიუმის გამოცხადებას.