ივანიშვილი, როგორც უხეირო დიქტატორი და „ოცნება“, რომელიც კრემლის სურვილით ქართველი ხალხის არჩევანს შეურაცხყოფს — ეს შეფასებები ისმოდა გუშინ აშშ-ის კონგრესში, სადაც საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო ემსგავსება უხეირო დიქტატორს. ტრამპის თანაპარტიელმა კონგრესმენმა, ტომ კინმა, განაცხადა, რომ „ოცნებამ“ რუსული კანონის მიღებით ქვეყანას დასავლეთთან ურთიერთობები გაუყინა. მისი თქმით, პარტნიორები ახლა დიდი იმედით ელიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ტესტს თუ რა სურს ქართველ ხალხს.
რუსული კანონის საფრთხეებზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკმაც. კონგრესმენმა „დემოკრატიული პარტიიდან“, უილიამ კიტინგმა კი თქვა, რომ „ოცნების“ მსგავსი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შტატებმა სავიზო სანქციების პირველი ტრანში უკვე განახორციელა, რაც გაგრძელდება. კიტინგმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრორუსული ხელისუფლება და საქართველოს პროდასავლური საზოგადოება ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნა და მათ საკუთარი გზავნილები გაუზიარა.
USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილემ, ალექსანდრ სოკოლოვსკიმ განაცხადა, რომ არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, USAID-ი აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას აწარმოებს.
აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენაზე, საერთაშორისო დამკვირვებლების როლზეც ისაუბრეს. ამერიკელი პარტნიორები აანონსებენ, რომ 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებს არაერთი მოკლე და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება.