რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ საქართველოში პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. სწორედ ეს ვერსია გაავრცელეს გუშინ სახელისუფლებო არხებმაც. უწყების ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს.
ლილუაშვილის უწყების განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით”,- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის გამოძიება და ოლივერ ვარჰეისთან მისი სატელეფონო საუბარი, რომელიც მაისში შედგა, ერთმანეთს დაუკავშირა და თქვა, რომ ევროკომისიისგან ტერაქტზე გაფრთხილება მიიღო. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ ევროკომისრის გაფრთხილება, შესაძლოა, ივანიშვილსაც ეხებოდა.
კობახიძემ თქვა, რომ ეს ინფორმაცია “უაღრესად შემაშფოთებელია” იმის ფონზე, რომ ორი ტერორისტული აქტი უკვე განხორციელდა სლოვაკეთში პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე და აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე.
ბოლო რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს იბარებს, მათ შორის არიან: ნადიმ ხმალაძე, გელა კახაბრიშვილი, ლაშა ჭიღლაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა რუხაია, კონსტანტინე ჯღამაია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე იწყებს გამოძიებას. თუმცა არცერთი საქმე ბოლომდე არ მიუყვანიათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია.