კამალა ჰარისმა უკვე მიიღო საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინაციისთვის საკმარისი მხარდაჭერა | 23.07.2024

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა უკვე მიიღო საკმარისი რაოდენობის დელეგატების ფორმალური მხარდაჭერა, რაც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინაციისთვის არის საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press და ტელეკომპანია CNN მათი კვლევების საფუძველზე ავრცელებენ.

”Associated Press -ის ინფორმაციით, ორშაბათს საღამოს , ჰარისს უკვე ქონდა მინიმუმ 2,579 დელეგატის მხარდაჭერა, რაც 1,976 დელეგატით მეტია იმ რაოდენობაზე, რომელიც მას ხმის მიცემის პირველი რაუნდის მოსაგებად სჭირდება. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით , მხარდამჭერი დელეგატების რაოდენობა კვლავ იზრდება.

ციფრები საბოლოო არ არის და მოწონება არ ნიშნავს ოფიციალურ ნომინაციას – დელეგატებმა მაინც უნდა მისცენ ხმა პარტიის ყრილობაზე, რომელიც 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება.
თავად ჰარისმა თქვა, რომ ამაყობს ფართო მხარდაჭერით და მოუთმენლად ელის მის ოფიციალურ ნომინაციას.

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნების მარათნიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა, ჰარისის კამპანიისთვის შემოწირულობების ზრდა დაიწყო. პირველ 24 საათში ვიცე-პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის დონორებისგან რეკორდული თანხა – $81 მილიონი შეაგროვა.

გუშნვე კამალა ჰარისი დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონში გაემგზავრა, სადაც ბაიდენ-ჰარისის საარჩევნო კამპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს.
კამპანიის შტაბის თანამშრომლებთან საუბრისას ჰარისმა თქვა, რომ გასული რამდენიმე კვირა იყო “ატრაქციონი”, მაგრამ თქვა, რომ დარწმუნებულია, შეძლებს ერის და პარტიის გაერთიანებას და არჩევნების მოგებას.

„არჩევნების დღემდე დარჩა 106 დღე და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მძიმე სამუშაო“, – განაცხადა მან.