სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს. ომის ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია, რომელიც დღეს სუსში იყო დაბარებული უწყებაში მივიდა კიდეც, თუმცა გამოკითხვაზე უარი განაცხადა. ჯღამაიამ გადაწყვიტა, ჩვენება მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს. წინასწარი ინფორმაციით, გამომძიებლებს კითხვები ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების საქმეებზე აქვთ. უკრაინაში მებრძოლი ქართველები ლილუაშვილის უწყებას უნდობლობას უცხადებენ და ფიქრობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
მანამდე, უწყება გამოკითხვის შესახებ ნადიმ ხმალაძემ, ვაჟა ცეცაძემ და ლაშა ჭიღლაძემ მიიღეს. ისინი ამბობენ, რომ საქმეს რეალური სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას მათი დასჯა რუსულ აგრესიასთან ბრძოლისა და თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სურს.