IT სისტემების გლობალური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში ავიარეისები გაუქმდა. მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებით მუშაობენ. როგორც საქართველოს ეროპორტების გაერთიანებაში მედიას უთხრეს ქვეყნის აეროპორტები შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას, თუმცა,გლობალური შეფერხების გამო, ქუთაისიდან ბერლინისკენ გაფრენილი რეისი ბერლინის აეროპორტმა ვერ მიიღო, რის გამოც ის პოზნანში დაჯდა.
საავიაციო ანალიტიკური ფირმა Cirium-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. გლობალური IT-შეფერხების გამო სხვა ავიაკომპანიებთან ერთად, შეფერხებით მუშაობს უნგრული Wizz Air-ის სისტემაც. ავიაკომპანია მგზავრებს აფრთხილებს, რომ აფრენამდე სულ მცირე 3 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტებში.
ავიაკომპანიების გარდა, შეფერხებით მუშაობენ ბანკები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ტელე და რადიომაუწყებლები. ხარვეზის გამო მაუწყებლობა რამდენიმე საათით შეაჩერა Sky News-მაც. კომპანიაში განაცხადეს, რომ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვერ ახერხებენ.