„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა. უილსონი MEGOBARI ACT-ის ინიციატორია, რომელიც რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირების მიმართ მთელ რიგ შეზღუდვებს, ქართველი ხალხის მიმართ კი ფინანსური დახმარებების პაკეტს ითვალისწინებს. თინა ბოკუჩავას თქმით, ჯო უილსონთან ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი პარტიის ეროვნულ ყრილობას აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გლობალური პარტნიორის სტატუსით ესწრება. „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციაში შედიან პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და მისი მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი.