„ლელოს“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ალიანსი – ოპოზიციურ სპექტრში მესამე გაერთიანება | 18.07.2024

ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფების პროცესი გრძელდება. არჩევნებამდე 3 თვით ადრე კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა. პარტიებმა: „ლელომ“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ და ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანმა“ ახალი ალიანსის შესახებ გუშინ განაცხადეს. გაერთიანების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა.

პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციაზე თქვეს, რომ გაერთიანების კარი ღიაა სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა და აქტიური ადამიანისთვის. მამუკა ხაზარაძის თქმით, მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან გრძელდება.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას თქვეს, რომ გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის. ისინი არჩევნებზე 9 ნომრით წარსდგებიან.

„ლელოს“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ალიანსი ოპოზიციურ სპექტრში უკვე მესამე გაერთიანებაა. მანამდე 4 ნომრის ქვეშ გაერთიანდნენ პარტიები: „ახალი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“. მათ ალიანსს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ჰქვია. არჩევნებში 5 ნომრით მიიღებენ მონაწილეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, სახელწოდებით – „ერთიანობა“. ამ პლატფორმის პრეზენტაცია 8 ივლისს გაიმართა და მას შეურთდნენ გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, სოფო ჯაფარიძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი.