პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს წერილობით 15 ივლისს მიმართა. ადმინისტრაციის ინფრომაციით პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.
პარლამენტის ტავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეცდებოდა, პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლას, პროცედურის მიხედვით, 48 საათის გასვლის შემდეგ, სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულებას თავად გამოაცხადებდა.
ცნობილია, რომ 18 ივლისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს და ამავე დღეს მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
19 ივლისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე და მას იმავე დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. ამ კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას საპარლამენტო უმრავლესობა სექტემბერში გეგმავს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს დაიხურა, მე-10 მოწვევის პარლამენტში ბოლო საშემოდგომო სესია კი 3 სექტემბერს გაიხსნება.