პარლამენტში დაინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს მომავალ კვირას განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ 18 და 19 ივლისს გაიმართება რიგგარეშე სესია, რომელზეც რამდენიმე საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორის, ოცნების მიერ ინიცირებული ამნისტიის პროექტის პირველი მოსმენით მიღება. შალვა პაპუაშვილის თქმით „ამნისტიის შესახებ“ აქტი საკმაოდ დაბალანსებულია და მიზანი, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირებაა.
ოპოზიციის ნაწილი ამნისტიის კანონის წინააღმდეგია. ამბობენ, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე ამ კანონის მიღება “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
პროექტის ინიციატორთა თქმით, ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლს მოიცავს. ასევე, სასჯელის 1/6-ით შემცირება 225 მუხლსაც შეეხება. ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ამნისტიის კანონი დაახლოებით 3000 პატიმარს და 7000 პრობაციონერს შეეხება.