ევროკავშირის გარდა მოქმედებაზე გადადის ამერიკის შეერთებული შტატებიც. საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია-ამის შსახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკ კარპენტერმა განაცხადა. კარპენტერის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ქმედებები შეუსაბამოა ნატოსა და ევროკავშირის, ზოგადად, დასავლურ სტანდარტებთან.
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად.ასე რომ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ მიმართულების შეცვლას. როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ზღუდავს სივრცეს ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებიც NATO-ს ალიანსს ემყარება და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ცხადია არ ვფიქრობთ, რომ ის თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის, ევროკავშირთან.ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ მიმართულების, სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. მაგრამ, ამ მომენტში, საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია”, – განაცხადა მაიკ კარპენტერიმ.
5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ , რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო. მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათობით საქართველოს მოქალაქეს სანქციები დაუწესა. დასანქცირებულ მოქალაქეებს შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები, დეპუტატები, სამართალდამცველები და კერძო პირები.