ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევრო გაუყინა. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ინფორმაციით, საუბარია ფულზე, რომლის გადარიცხვასაც ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდა. ჰერჩინსკის თქმით, ევროპელი პარტნიორები პირდაპირ მხარდაჭერას „ოცნების“ მთავრობის მიმართ შეზღუდავენ და მას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებისკენ მიმართავენ. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ 30 მილიონი ევროს გაყინვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ.
“ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ. ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას. ჩვენი, ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გამო. გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერებმა ეს ნათლად განაცხადეს. თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ და უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ასევე, ამ საკვანძო გადაწყვეტილებებს შორის ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის მიერ 30 მილიონი ევროს გაყინვას, რომელიც თავდაცვის სფეროს გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი პარტნიორების ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და წერს, რომ ეს არის პასუხი ივანიშვილის გუნდის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე.
ევროკავშირის მიერ 30 მილიონი ევროს გაყინვაზე პასუხისმგებლობას „ოცნების“ ხელისუფლებას აკისრებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი ქართულ დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს ძირს მიზანმიმართულად უთხრის. ოპოზიცია პირობას დებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს „ოცნების“ ხელისუფლების ცვლილებისთანავე განაახლებენ.
ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს ისევ იმეორებდნენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებით არა მხოლოდ საქართველო, არამედ თავად დასავლეთი ზიანდება. მათი თქმით, სანქციების დაწესების და სანქციებით მუქარის მიუხედავად გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით არ შეიცვლება.
საერთაშორისო პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებდნენ, რომ რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას ევროკავშირი მკაცრად უპასუხებდა. რეპრესიული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კი პარტნიორებმა დანაპირების შესრულება დაიწყეს და დღეს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინეს.