23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია. ორგანიზაციების თქმით მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს. მათი შეფასებით ამას ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი-სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები. როგორც NGO-ები აცხადებენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი გაიყინება, ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას.
“27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა. ცხრა ნაბიჯის შესრულება ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებასთან ერთად, ევროპულ კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას წარმოადგენს.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში აღებული კურსის შეცვლის გზით, რაკი ეს საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს”. ამასთან, მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, 2024 წლის შემოდგომაზე უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დაასრულოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ წარმოებული ფიზიკური თავდასხმები, დაშინებები და მუქარა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია, რასაც ასევე ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი-სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები. აღნიშნულის შემთხვევაში, ევროპული კავშირის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას”, – 23 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება.
ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ: გაიწვიოს რუსული კანონი და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და ღირებულებებს; არ აღუდგეს წინ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, და გაუფრთხილდეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თითოეულ მონაპოვარს; შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.
ევროკომისია შემოდგომაზე წარმოადგენს გაფართოების მორიგ ანგარიშს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად შეფასებული იქნება საქართველოს მიერ ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულება.