2012 წლის შემდეგ პირველად, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა. „ევროპეისკა პრავდას“ ინფორმაციით, უნგრეთის საელჩოსთან პრემიერ-მინისტრის კორტეჟი უამრავი მანქანით მივიდა. კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრა უკვე შედგა.
უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთობლივი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს ბლოკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში, ამიტომ პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასწრაფო ზავის იდეა წარადგინა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მედიისთვის განცხადებებში უნგრეთის ლიდერმა აღიარა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. რაც ორბანის თქმით, შესაძლოა დაეხმაროს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებას. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთს სურს ჰქონდეს ბევრად უკეთესი ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასთან და მისი ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციაში. ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი უკრაინის განკარგულებაში იქნება ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარის ამჟამინდელ როლში. ორბანის თქმით, ის ომის დასრულებაზე უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე არაა, მაგრამ მათ განსახორციელებლად ძალიან ხანგრძლივად მიიჩნევს.
უნგრეთის პრემიერმინისტრი დასავლელ ლიდერებს შორის რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ან შეუფერხებია უკრაინისადმი სამხედრო დახმარება. გარდა ამისა, ორბანი მხარს არ უჭერდა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას.
ზელენსკიმ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიწვია ვიქტორ ორბანი კიევში. „მე ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი. ჩვენ მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: რაზე?” — თქვა მაშინ ორბანმა. ზელენსკიმ ასევე მიიწვია უნგრეთის პრემიერი სამშვიდობო სამიტზე შვეიცარიაში, სადაც ორბანმა საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო გაგზავნა. ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი ბოლოს გასულ კვირას, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე გადაიკვეთნენ.
ეს ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტია კიევში მას შემდეგაც, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ორბანი უკრაინაში არ ყოფილა არც პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს. როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა” წერს, ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტით ბოლოს 2012 წელს სტუმრობდა და მაშინდელ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა.
უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებისადმი კრიტიკულად განწყობილი და რუსეთთან კავშირების შენარჩუნების მომხრე ვიქტორ ორბანის კიევში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, უნგრეთმა ექვსი თვით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.