„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია“ — ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელსაც ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი ბრიუსელში მოაწერა. დოკუმენტი გულისხმობს ერთობას, როგორც არჩევნებამდე ასევე მის შემდეგ. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ რომ ერთიანდებიან „ქართული ქარტიის“ მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. დეკლრაციაში საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებლად არის შეფასებული და ჩამოთვლილია ის მიზნები, რაც დოკუმენტზე ხელმომწერების თქმით, მათ აერთიანებთ. დოკუმენტის მიხედვით ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს გათავისუფლება და საქართველოს ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა იქნება.
დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები , „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ თანხმდებიან: რომ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული ხმები არ დაიკარგოს ხუთპროცენტიანი ბარიერის გამო; 8 ივლისამდე შეთანხმდებიან არჩევნებში მონაწილეობის კონფიგურაციებზე; 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ დაუჭერენ მხარს იმ მთავრობის დამტკიცებას, რომელშიც „ქართული ოცნება“ მიიღებს მონაწილეობას; მხარს დაუჭერენ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს; გაერთიანებული ძალებით ეცდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში ჩართვას; და ერთიანი ძალებით ეცდებიან, ხელი შეუშალონ არჩევნების გაყალბებას.
თუ რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე – ეს კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა. მანამდე ცნობილია, „ქართული ოცნების“ სურვილის შესახებ, რაც საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გულისხმობს.