იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ სადავო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტის შესახებ მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა. მსხილაძის თქმით ოცნების მიერ მიღებული ცვლილებებით ცესკო ერთპარტიული ორგანო ხდება, სადაც გადაწყვეტილებები კონსენსუსზე არ იქნება დაფუძნებული.
მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე დაძლევას გეგმავს.
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები 30 მაისს დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. “ანტიჩიხური მექანიზმი” დაწესდა. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლისთვის საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. თუკი ცვლილება ძალაში შევა, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას.
ოცნების ამავე კანონპროექტით, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. ის არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნებოდა და სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებდა.
პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ცვლილებით ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია პარტიებს შორის ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ქმნის კონსენსუსის წინაპირობას, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა ცესკოს, საარჩევნო პროცესის, ზოგადად, ჩატარებული თუ ჩასატარებელი არჩევნების მიმართ ნდობის თვალსაზრისით.