რუსული სტილის „აგენტების კანონის“ საფრთხეების შესახებ ჰელსინკის კომისიაში გუშინ მოსმენა გაიმართა. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე გააკეთეს. განხილვაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი. მისი თქმით, რეპრესიული კანონის რეინიცირებამდე „ქართულ ოცნებას“ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ახლა კი ივანიშვილი ძალაუფლებას არჩევნების მოპარვის გარეშე ვეღარ შეინარჩუნებს.
აშშ-ის კონგრესში გამართულ განხილვაში, ასევე, მონაწილეობდნენ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი იასმინ კამერონი და „სლოვაკეთის მეგობრების“ თავმჯდომარე მარტინა ჰრვოლოვა. მათ ყურადღება პრორუსული ორიენტაციის მთავრობების პროპაგანდაზე გაამახვილეს, რომლებიც რეპრესიული კანონის მიღებას ე.წ. „გამჭვირვალობის“ საბაბით ამართლებენ.
ამერიკის კონგრესში რუსული სტილის „აგენტების კანონის“ საფრთხეების შესახებ მოსმენა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სადაც ამ თემებზე იმსჯელეს, კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც, ამავდროულად, მეგობარი აქტის ინიციატორია. კანონპროექტი საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევას შეწყვეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნების“ წარმომადგენლები დასანქცირდებიან.