„ქართულ ოცნებას“ კრემლში ისევ აქებენ. ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერი განცხადება, ამჯერად, გრიგორი კარასინმა გააკეთა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ სადავო კანონთან დაკავშირებული პროტესტის მიზანი რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაა. კარასინი კობახიძის განცხადებამ მოხიბლა, რომელმაც თქვა, რომ ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილი ზოგიერთ ძალას ჯერ კიდევ აქვს.
“ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ არის მხოლოდ საბაბი რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად. ეს გამოვლინდა 2022 წლის დასაწყისიდან, როცა დასავლეთი ღიად გადავიდა რუსეთის წინააღმდეგ მასირებულ შეტევაზე, ჩვენი ქვეყნის მაქსიმალურად დასასუსტებლად. საკმაოდ საფუძვლიანი განცხადებაა პრემიერისა იმაზე, რომ ეს ინტერესი არსად წასულა. გასაგებია, რომ აქ საუბარია რუსეთის პოზიციებზე მორიგ თავდასხმაზე. რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია”, – გრიგორი კარასინის ქება კობახიძეს.
რუსი პოლიტიკოსების მოწონება დაიმსახურა თბილისის მერმაც. კალაძეს რუსი სენატორი ოკუპირებული ყირიმიდან, სერგეი ცეკოვი აქებს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი კალაძის მაგალითზე ამბობს, რომ საქართველოში „საღად მოაზროვნე“ პოლიტიკოსები გამოჩნდნენ.
“კარგია, რომ საქართველოში საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულებაა იმ მოვლენებისადმი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის დამოკიდებულების მიმართ. კალაძეს გამორჩეულად პროქართული პოზიცია აქვს, როგორც ორბანს პროუნგრული, ფიცოს —პროსლოვაკური, ერდოღანს — პროთურქული. ისინი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შეერთებული შტატების მითითებით არ მოქმედებენ. ვფიქრობ, უკრაინის მაგალითმა უნდა დაარწმუნოს ბევრი ქვეყანა, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესების ერთგულნი უნდა იყვნენ”, – სერგეი ცეკოვის ქება კალაძეს.