„რადიო თავისუფლების“ ცნობით, აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომელსაც ინფორმაცია MEGOBARI ACT-ზე მომუშავე გუნდის ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა. „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რადგან აშშ-მა იცოდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს ხელახლა დააინიცირებდა.
“MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა, ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა. კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში. კანონპროექტში ჩახედული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება, მათ შორის სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე, შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში. „ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტით“. წყარო „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც „ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“, – „რადიო თავისუფლება“.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აშშ-ის სანქციები ცალკეულ ადამიანებსა და მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებს აუკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებთან საქმის დაჭერას. გარდა ამისა, დასანქცირებულ პირებსა და მათ კომპანიებს ფინანსური ოპერაციების ამერიკულ დოლარში წარმოება აღარ შეიძლებათ. „რადიო თავისუფლების“ წყაროს თქმით, სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის სავაჭრო შეზღუდვების შემცირებას, გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ეს იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთისკენ სვლას შეწყვეტს და დემოკრატიის უკუსვლა შეწდება.
მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობს გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „პოლიტიკო“. გამოცემის ცნობით, ჯო უილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების შემოღებას მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც „აკისრიათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანებისათვის“. ის დააწესებს სავიზო აკრძალვას პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „რუსული ტიპის უცხოური აგენტების კანონმდებლობის“ მიღებაზე. სანქციების სამიზნე ასევე იქნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაახშეს პროტესტი უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ. კონგრესში შეტანილი კანონპროექტი ასევე შეიცავს შეთავაზების პაკეტს ქართველი ხალხისთვის. პოლიტიკოს ინფორმაციით, აშშ განიხილავს ძირითად სამხედრო, სავაჭრო პაკეტს საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციას, თუ ქვეყნის ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.