ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში მსვლელობა მოეწყო. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისი აღასრულა.
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს მიმართა და განაცხადა რომ გამჭვირვალობის კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, სულიერი შვილები, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი ადამიანების ერთად შეკრება,მისივე თქმით, ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად.
ქაშუეთში სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ შეკრებილი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის პირები მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ქართული ოცნების სხვა ლიდერები.
საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე 2014 წელს გამოაცხადა. მსოფლიოში უკვე წლებია, 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2013 წელს ამ დღის აღნიშვნა თბილისშიც სცადეს, თუმცა რადიკალურმა ჯგუფებმა სასულიერო პირების მხარდაჭერით თბილისის ცენტრში აქცია ძალის გამოყენებით დაარბია. 2014 წლიდან კი ამ დღეს საპატრიარქო ოჯახის დღის აღსანიშნავად ტრადიციულად მსვლელობებს აწყობს.