„ოცნების“ და კრემლის მაღალჩინოსნების თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე იდენტური გზავნილებით | 16.05.2024

„ქართული ოცნების“ და კრემლის მაღალჩინოსნების თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე იდენტური გზავნილებით. ივანიშვილის პარტია დილიდან აკრიტიკებს ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მიზეზი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში მათი მონაწილეობა გახდა. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ უცხო ქვეყნების წარმომადგენლების დემონსტრაციებზე მისვლა „ფარისევლობა“, პარტნიორობის ძირის გამოთხრა“ და „საქართველოს მტრობაა“.

თემასთან დაკავშირებით პაპუაშვილის და კალაძის მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა. კონსტანტინ კოსაჩოვი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა ანტისამთავრობო აქციაში საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. მან ევროპელი მინისტრების ქმედება უკრაინის „მაიდანში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, ვიქტორია ნულანდის მონაწილეობას შეადარა და აქციებს, „ოცნების“ მსგავსად, „ძალადობრივი“ უწოდა.

“ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები (ყველა ნატოდან), რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ოთხშაბათს თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ უკანონო, ძალადობრივ აქციაში, კიდევ ერთი ვიქტორია ნულანდია თავისი ორცხობილებით კიევის მაიდანზე. მეთოდები იგივე რჩება – საცდელი სუბიექტების სუვერენიტეტის სრული ზიზღი და მათ საშინაო საქმეებში არაცერემონიული ჩარევა მთელი მსოფლიოს წინაშე”, – რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი.