პარლამენტის თვამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები გუშინ პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ. მათ დემონსტრანტებს ტრიბუნიდანაც მიმართეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს. როგორც ჩანს ევროპელი პარტნიორების ამ ჟესტმა “ქართული ოცნება” გააღიზიანა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ქმედება ნათლად აჩვენებს რუსული კანონის ამოქმედების აუცილებლობას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ქვეყნისგან მოჰყვეს შეფასება ევროკავშირის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლის ქმედებას.
საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიების პარალელურად, საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია. დელეგაციის წევრებს მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდნენ. ისინი მხოლოდ პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში მიიღო.