თბილისში ვიზიტით მყოფი ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ამბობს, რომ “რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ამის შესახებ მან ჟურნალსტებს განუცხადა. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, გამთენიისას, ჩამოვიდა. ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვას ემთხვევა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა, ასევე, ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებმა აუდიენცია უკვე გამართეს ოპოზიციონერ დეპუტატებთან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით დახურულ კარს მიღმა რუსული კანონი და ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ევროკავშირის დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ხვდება.
ამ ეტაპზე უცნობია “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან შეხვდება თუ არა ვინმე ევროპელ კოლეგებს. ცნობილია, ის რომ დელეგაციას არ შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 13-14 მაისი ვიზიტისთვის კარგი დრო არაა, რადგან ამ პერიოდისთვის რუსული კანონის მიღებაა დაგეგმილი. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტს გამართავს ჯეიმს ო’ბრაიენიც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი.